მსოფლიოს თვალით დანახული საქართველო – ღვინის სამშობლო

ღვინო, ალბათ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასმელია. ღვინის ისტორია უძველესი დროიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. დღეს ღვინოს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აწარმოებენ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა. ქართული ღვინო და მისი დამზადების წესი ჩვენი კულტურის განუყოფელი ნაწილია.
საქართველოში ღვინის წარმოება ქართული ტრადიციული წესით, ანუ ღვინის ქვევრში დამზადება, 8000 წლის წინ, ადრეული ნეოლითის ხანაში დაიწყო და მას შემდეგ არ გაჩერებულა. ამას ადადსტურებს მარნეულის რაიონში მდებარე ნეოლითის პერიოდის „გადაჭრილი გორის“ და „შულავერის გორის“ არქეოლოგიურ ძეგლზე უკანასკნელი პერიოდის გათხრების დროს აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის კედლებზე ღვინისათვის დამახასიათებელი ორგანული მჟავების (ღვინის მჟავა, ვაშლმჟავა, ქარვამჟავა და ლიმონმჟავა) არსებობა. ამ აღმოჩენამდე ითვლებოდა, რომ ღვინო ზაგორის მთიანეთში, ირანში იქნა დამზადებული პირველად, თუმცა ქართული ღვინის კვალი ირანში არსებულისაზე 600 წლით ძველია. საქართველოში ღვინის კვალის აღმოჩენამ მსოფლიოში ღვინის წარმოშობის შესახებ არსებული შეხედულებები შეცვალა და აქცენტი საქართველოზე გადმოიტანა.

სწორედ ეს ფაქტი უძღოდა წინ იმას, რომ 2013 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანა. UNESCO წერს: „ქვევრის მეღვინეობის ტრადიცია განსაზღვრავს ადგილობრივი თემების ცხოვრების წესს და წარმოადგენს მათი კულტურული იდენტობისა და მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს.“
ქართულ ღვინოს ცნობილმა სამეცნიერო ჟურნალმა National Geographic-მა სტატია მიუძღვნა სათაურით „საქართველო მევენახობის აკვანი“, სადაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოში ღვინის კულტურა, მისი ზეგავლენა, ტრადიციები და ქართველებისთვის ღვინის კულტურის მნიშვნელობა. 2018 წელს კი National Geograpic-მა საქართველოსა და ჩვენს ღვინოს კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა სათაურით „ აღმოაჩინეთ ღვინის საიდუმლო დაბადების ადგილი“, სადაც წერენ თუ სად, რომელი სახეობის ღვინო უნდა დავაგემოვნოთ.

2017 წელს, ცნობილი გამოცემის The Guardian-ის ჟურნალისტმა დევიდ უილიამსმა დააგემოვნა რამოდენიმე ქართული ღვინო, და მათ სტატიაც მიუძღვნა „უგემრიელესი ღვინოები საქართველოდან“. დევიდმა, მის მიერ დაგემოვნებული ქართული ღვინოებიდან სამი გამოარჩია და ბრიტანელ მკითხველს გააცნო. დევიდიმა 2018 წელს კიდევ ერთი სტატია დაწერა სახელწოდებით „რატომ არის საქართველო ბუნებრივი ღვინის ცხელი წერტილი“. მასში მან მკითხველებს საქართველოს ღვინის დაყენების უძველესი მეთოდის შესახებ უამბო და დასძინა: „ისინი ათასობით წლის განმავლობაში ამზადებდნენ ღვინოს შავი ზღვის ამ ქვეყანაში – ახლა კი ის ტრადიციული მეთოდებით რენესანსის სათავეშია“.
რათქმაუნდა ქართული ღვინის შესახებ, არც მოგზაურების საყვარელ საიტს The Culture Trip-ს გამორჩენია ამბავი. მათ 2017 წელს ქართულ ღვინოს სტატია მიუძღვნეს: „ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ქართული ღვინის შესახებ“. სტატიაში განხილულია სხვადასხვა პოპულარული ქართული ღვინოები და ვაზის სახეობები.
ქართული ღვინის და მეღვინეობის შესახებ მსოფლიოს უამრავი გამოცემა წერს, სადაც ყველა ერთხმად აღნიშნავს რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ქართული ღვინო უნიკალურია. თუ გსურს უკეთ გაეცნო ქართულ ღვინოსა და მეღვინეობის ტრადიციებს, შემოგვიერთდი ღვინის ტურზე და აღმოაჩინე ქართული ღვინო.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.