ქვეყანას ტრადიციები, კულტურა და ისტორია ქმნის. მსოფლიოს არათუ ყველა ქვეყანაში, არამედ ყველა საზოგადოებაში თავისი ტრადიციები, ადათწესები და ჩვეულებები აქვთ, იქნება ეს ცეკვა, სიმღერა, მიცვალებულის დატირება, ქორწილი თუ ნათლობა. რათქმაუნდა საქართველოც გამოირჩევა კულტურისა და ტრადიციების სიმრავლით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ხშირად იყო სხვადასხვა კულტურის გავლენა, მან საკუთარი კულტურა და ტრადიციები შეინარჩუნა. ამ სტატიაში რამოდენიმე გამორჩეულ და ცნობილ ქართულ კულტურულ ელემენტს გაგაცნობთ, რომელიც საქართველოს უნიკალურობის მახასიატებელია.
პირველ რიგში ქართული სუფრის კულტურით უნდა დავიწყოთ. ქართული სუფრა, მხოლოდ კვების პროცესი როდია. მას თავისი თანმიმდევრობა და წესები აქვს. პირველ რიგში სუფრას ჰყავს თამადა, რომელიც წარმართავს სუფრის პროცესს. თამადობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც წილად გამორჩეულ ადამიანს ხვდება. თამადის ტრადიცია ათასწლეულებს ითვლის, და ამის დასტურია ბრინჯაოს თამადის ქანდაკება, რომელიც ვანში აღმოაჩინეს და თარიღდება ძვ. წ VII საუკუნით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ დროს ღვინის სმის კულტურა უკვე დიდი ხნის ჩამოყალიბებული იყო. თამადა თანმიმდევრობით ამბობს სხვადასხვა სადღეგრძელოებს, იწყებს უფლის სადღეგრძელოთი, შემდეგ ლოცავს ოჯახს, სამშობლოს, აუცილებლად იხსენიებენ გარდაცვლილ ადამიანებსა და სხვადასხვა სალოცავებს შეწევნას სთხოვს. სუფრის გამორჩეული ნაწილი ყანწით ან ფიალით სასმლის დალევაა. ყანწი რქოსანი ცხოველის რქისგანაა დამზადებული, ხოლო ფიალა, თიხიც ღრმა ჭურჭელია, ორივეს დაცლა ბოლომდეა სავალდებულო.
რათქმაუნდა სუფრის ტრადიცია არაფერი იქნებოდა მას რომ თან არ სდევდეს ქართული ფოლკლორული მრავალხმიანი სიმღერა. ქართული მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიოში აღიარებულია. 2008 წელს იუნესკომ ქართული მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა. ქართული მრავახმიანი ხალხური სიმღერებიდან გამორჩეულია ჩაკრულო, რადგანაც იგი კოსმოსში გაუშვეს 1977 წელს, ავტომატურ საპლანეტათშორისო სადგურებზე „ვოიაჯერ-1-სა“ და „ვოიაჯერ-2-ზე“ მოთავსებულ ორ იდენტურ გრამფირფიტაზე ჩაწერილ პროგრამაში „დედამიწის ხმები“. კოსმოსში ილია ზაქაიძის და როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული ვერსიაა გაშვებული. ქართულ სიმღერებზე მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემები წერენ და სიუჟეტებს აკეთებენ. განსაკუთრებით ბევრს კი ქართულ ფოლკლორზე BBC პრესა და რადიო საუბრობს.
სიმღერა ცეკვის გარეშე წარმოუდგენელია. ქართული ცეკვა საოცრად მრავალფეროვანია. ყველა ცეკვას სხვადასხვა მნიშვნელობა და აზრი აქვს. რამოდენიმე მათგანზე მინდა მოგიყვეთ. ყველაზე გამორჩეული მაინც ცეკვა „ქართულია“. „ქართული“ ალბათ, ყველაზე რომანტიკული ცეკვაა რომელსაც ქორწილში ასრულებს ახალდაქორწინებული წყვილი. ეს ცეკვა სიყვარულისა და პატივისცემის სიმბოლოა.
შემდეგი ცეკვა კი „სამაია“ არის. „სამაია“ უნაზესი ქართული ცეკვაა, რომელსაც სამი მანდილოსანი ასრულებს. ცეკვა „სამაია“ თამარ მეფეს განასახიერებს, რომელიც გაერთიანებული საქართველოს მეფე იყო XII-XIII საუკუნეში. იგი პირველი ქალი მეფე იყო საქართველოში. გარდა სამების იდეისა, „სამაია“ თამარს განასახიერებს როგორც ახალგაზრდა პრინცესას, ბრძენ დედასა და ძლიერ მეფეს. სიმონ ვირსალაძემ ამ ცეკვისთვის კოსტუმები ფრესკებზე დაყრდნობით შექმნა.
საქართველოს ომი ხშირად უწევდა, და გასაკვირი არ არის, რომ გასამხნევებელმა და საომარმა მოქმედებებმა ცეკვაშიც გადმოინაცვლეს. ცეკვები ხორუმი და ხანჯლური სიმამაცისა და თავდადების სიმბოლოდაა ქცეული ქართულ კულტურაში.
რომ შევაჯამოთ საქართველო საოცრად მრავალფეროვანი ქვეყანაა და მის კულტურასა და ტრადიციებზე კიდევ ბევრის მოყოლა შეგვიძლია, თუმცა საქართველოს შესაგრძნობად უმჯობესი თავად გვესტუმროთ და აღმოაჩინოთ ჩვენი კულტურა და ტრადიციები.