მსოფლიოს ყველა ქვეყანა გამორჩეულია ბუნებით, კულტურით და, რაც მთავარია, სამზარეულოთი. სწორედ საჭმელია ერთ-ერთი უნიკალური რამ, რითაც ესა თუ ის ქვეყანა, რეგიონი ან ადამიანები გვამახსოვრებენ თავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზეა და სხვადასხვა კულტურის ზეგავლენას განიცდიდა საუკუნეების განმავლობაში, მოახერხა და შეინარჩუნა თავისი უნიკალური საჭმელები და მათთან დაკავშირებული ტრადიციები. ქართული სუფრა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტრადიციაა, სადაც თამადა, სადღეგრძელოები და, რა თქმა უნდა , საჭმელი გადამწყვეტ როლს თამაშობს.
მიუხედავად ჩვენი ქვეყნის სიმცირისა, საქართველოს სამზარეულო მრავალფეროვანია და კერძები რეგიონიდან რეგიონამდე საოცრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ყველა კუთხეს მისთვის დამახასიათებელი უგემრიელესი საჭმელი აქვს და დღეს რამდენიმე მათგანის შესახებ გიამბობთ.
დავიწყოთ ყველაზე ცნობილი და პოპულარილი კერძით, რომელსაც ხინკალი ჰქვია. ხინკალი ცომში გახვეული დაკეპილი ან გატარებულო ხორცია, რომლის მსგავსიც მრავალ სხვა ქვეყანაშია გავრცელებული. ხინკლის შიგთავსი ხორცის გარდა შესაძლოა,იყოს ხაჭო, კარტოფილი ან თუნდაც სოკო. ხინკლის წარმოშობაზე ბევრს დავობენ, ზოგიერთი მეცნიერის თვალსაზრისით, ხინკლის ფორმა, თავისი ნაოჭებით ბორჯღალს წააგავს. ქართველებისთვის კი ბორჯღალი არის მზის, სიცოცხლის, მარადი მოძრაობის სიმბოლო, რომელსაც სავსებით შესაძლებელია, თავისი ასახვა კულინარიაშიც ჰქონოდა.
შემდეგი კერძი კი ხაჭაპურია, რომელიც, ალბათ, ყველაზე მრავალფეროვანი კერძია. რამდენი დიასახლისიცაა, იმდენი ხაჭაპურის ვერსიააო , ამბობენ. ხაჭაპური ღუმელში ან ტაფაზე ცხვება და იგი პიცას მოგაგონებთ, თუმცა პიცაზე ყველი ცომს ზემოთაა, ხოლო ხაჭაპურის შემთხვევაში ყველი ცომშია. ყველაზე ცნობილი აჭარული ხაჭაპურია, რომელიც ნავის ფორმისაა და შუაში კვერცხის გული აქვს, შებრაწული ყველის ზღვაში მზეს მოგაგონებთ. იმერული და მეგრული ხაჭაპურის შესახებ უამრავი შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა ისინი უნდა დააგემოვნოთ.
საქართველოს მთიან რეგიონებში თუ გადავინაცვლებთ და სვანეთს გავიხსენებთ, კუბდრის შესახებ უნდა მოგიყვეთ. კუბდარი დაკეპილი ხორცისა და ხახვისგან შედგება, რომელსაც სხვადასხვა სუნელს უკეთებენ და საოცრად გემრიელი საჭმელია. კუბდარი სვანური ტრადიციული კერძია და მას ყველაზე გემრიელად სვანეთში ამზადებენ.
ალბათ, იფიქრებთ, რომ საქართველოში ვეგეტარიანელებისთვის არაფერი არ არის, თუმცა თქვენ ცდებით. ყველაზე პოპულარული და გემრიელი ვეგეტარიანული საჭმელები ფხალი და ბადრიჯანია ნიგვზით. ფხალი სხვადასხვა სახის მცენარეულობისგან მზადდება, მას ხანდახან კმაზავენ მოშუშული ხახვით, ნიგვზით ან ბროწეულით. რაც შეეხება ბადრიჯანს, მას სუშის როლების მსგავსად ახვევენ და შიგთავსად ნიგოზს უკეთებენ.
არ უნდა გამოგვრჩეს მეგრული სამზარეულოს მარგალიტი, ელარჯი, რომელიც რეზინივით იწელება და საუცხოო გემო აქვს. ის შედგება უხეშად დაფქული სიმინდის ფქვილისა და ყველისგან, რომლებიც ერთად იხარშება. ელარჯი ითვლებოდა საპატიო სტუმრისთვის მისართმევ კერძად.
საქართველო ღვინის ქვეყანაა და არ შეიძლებოდა, გამოგვრჩენოდა კერძი, სადაც ღვინოს ვამატებთ და რომელიც საკმაოდ სპეციფიურია, რადგანაც ტრადიციულად იგი ცხვრის ხორცისგან მზადდება, თუმცა იმის გამო, რომ ბევრ ადამიანს არ უყვარს ცხვრის ხორცი, მას საქონლის ხორცისგან ამზადებენ. მისი შემადგენელი ინგრედიენტებია: ხორცი, ტარხუნა, ტყემალი, მშრალი თეთრი ღვინო, მწვანილები და ნიორი.
ქართულ სამზარეულოსა და კერძებზე უამრავი შეიძლება ვისაუბროთ, თუმცა ჩვენი გემრიელი კერძების გემოს დისტანციურად ვერ შეიგრძნობთ. სწორედ ამიტომ გთავაზონბთ კულინარიულ ტურს, სადაც საქართველოს გემოებს აღმოაჩენთ.